თბილისში ჩატარდა პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“ წარდგენა და უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი

2026 წლის 30–31 ივლისს, თბილისში, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დიდ აუდიტორიაში გაიმართა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“ წარდგენა.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი სასწავლო მოდული „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“, რომლის ხელმძღვანელები არიან პროფესორი დავით გიგინეიშვილი და პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია დემენციის ადრეული ამოცნობის, კოგნიტური ჯანმრთელობის, დიაგნოსტიკის, მართვისა და მულტიდისციპლინური მიდგომების შესახებ.

მოდულს ესწრებოდნენ ნევროლოგები, ფსიქიატრები, ოჯახის ექიმები, ფსიქოლოგები, ასევე სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დემენციის მართვაში ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას და დემენციის ეროვნული პროგრამის განვითარების მხარდაჭერას.