საგრანტო პროექტი დემენციის ეროვნული პროგრამის მხარდასაჭერად
ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრების და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის „ჩარჩო კონცეფციის“ მოდელის შექმნისა და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობის იდეას.
საინიციატივო ჯგუფმა აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა ასოციაციის სახელით (თსუ-სთან და ტელეკომპანია “პულსთან” გაფორმებული მემორანდუმების მხარდაჭერით) 2025 წლის დეკემბერში მოიპოვა სამთავრობო (სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო) გრანტი პროექტის – “კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)” – განსახორციელებლად.
საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს დემენციის მართვის ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას, პაციენტთა მხარდაჭერას და პროფესიული რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
პროექტის მიზანია:
- დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეპტუალური ჩარჩოს შემუშავება
- საერთაშორისო გამოცდილების ანალიზისა და ადაპტაცია
- სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება
- მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა
- პაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის სისტემების გაძლიერება


