პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა
2026 წლის 29 სექტემბერს, ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიის შენობის დიდ აუდიტორიაში გაიმართა სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ — დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია.
კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და მიღებული შედეგები, წარმოდგენილი იქნა საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის მიმართულებით შემუშავებული ხედვები და განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების პერსპექტივები.
კონფერენცია გახსნა პროექტის თანახელმძღვანელმა, საქართველოს ნევროლოგთა კავშირის წევრმა პროფ. დავით გიგინეიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თსუ რექტორის მოადგილემ, პროფ. ერეკლე ასტახიშვილმა; თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფ. ია ხახუტაიშვილმა; საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორატის საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, პროფ. გიორგი ლონჟანიძემ; საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის პრეზიდენტმა, ნონა მინდიაშვილმა; და პროექტის ექსპერტმა, პროფ. ამირან გამყრელიძემ.
კონფერენციის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს პროექტის თანახელმძღვანელებმა — ა. ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფ. ნინო ოკრიბელაშვილმა და პროფ. დავით გიგინეიშვილმა. მოხსენებები შეეხო პროექტის ძირითად შედეგებს, საქართველოში დემენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ეროვნული პროგრამის კონცეფციასა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო საგრანტო სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ნევროლოგები, ფსიქიატრები, ოჯახის ექიმები, მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასკვნითმა კონფერენციამ პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემენციის სფეროში პროფესიული და ინსტიტუციური თანამშრომლობის, ცნობიერების ამაღლებისა და საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.












