პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება 29 სექტემბერს
2026 წლის 29 სექტემბერს, 15:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში გაიმართება სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ — დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია.
პროექტი ხორციელდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრების პროფესორების, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებებისა და ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით და დაფინანსებულია სახელმწიფო საგრანტო პროექტების მართვის სააგენტოს მიერ.
დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოში დემენციის ეროვნული პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული ჩარჩო. შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში შემუშავებული შედეგების პროფესიული განხილვა, პროფესიული და ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობა და დემენციის მიმართულებით მრავალპროფილური თანამშრომლობის საფუძვლის გაძლიერება.
კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებული დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეფცია, ორგანიზაციული მოდელი და სამოქმედო მიმართულებები.
თარიღი: 29 სექტემბერი, 2026
დასაწყისი: 15:30
ჩატარების ადგილი: თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, გერონტოლოგიის კორპუსი (II), საკონფერენციო დარბაზი
მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 78
კონფერენცია აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) 3 ქულით ნევროლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის, ოჯახის ექიმებისა და შინაგან სნეულებათა სპეციალისტებისთვის.
კონფერენციაზე დასწრება უფასოა.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა ბმულზე.