მსუბუქი კოგნიტური დარღვევა

ახალი ზელანდიის დემენციის ეროვნული სამოქმედო გეგმა

ავტორი: დავით გიგინეიშვილი

ნორმალურ დაბერებასა და დემენციას შორის არსებობს მდგომარეობა, რომელსაც მსუბუქი კოგნიტური დარღვევა (მკდ/MCI) ეწოდება. MCI-ს მქონე პირები განიცდიან მეხსიერების პრობლემებსა და სხვა კოგნიტურ სიმპტომებს, რომლებიც აღემატება ასაკთან შესაბამის მოლოდინს. თუმცა, ეს დაქვეითება არ არის იმდენად მძიმე, რომ მნიშვნელოვნად დაარღვიოს ყოველდღიური ცხოვრება და შესაბამისად კვალიფიცირდეს როგორც დემენცია. მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების გავრცელების მაჩვენებელი მერყეობს 16-დან 20% და ის უპირველესად ასაკოვან პოპულაციაში გვხვდება (Roberts and Knopman, 2013).

MCI-ის დროს ალცჰაიმერის დაავადების ან დემენციის სხვა ფორმის განვითარების უფრო მაღალი რისკია, ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების ნორმალური ცვლილებების მქონე პირებთან შედარებით (Manly JJ et al., 2008). რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო მეტია დაავადების პროგრესირების შენელებისა და სიმპტომების მართვის შანსი.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს MCI-ის განვითარებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი, რადგან ხანდაზმულებში აღნიშნული მდგომარეობის განვითარება უფრო ხშირია. გენეტიკაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს; თუ ადამიანს ჰყავს ოჯახის წევრები მეხსიერების დარღვევებით, მისი MCI-ის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს. ცხოვრების წესი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოგნიტურ ჯანმრთელობაზე. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა, სოციალური ჩართულობა და ჯანსაღი კვება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ადამიანები, რომლებიც აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევიან და ინარჩუნებენ ჯანსაღ ჩვევებს, შესაძლოა ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი MCI-ის განვითარებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტურ ფუნქციებში სპეციფიკური, დახვეწილი ცვლილებები ხშირად შეინიშნება ნორმალური დაბერების დროს, სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ კოგნიტური დარღვევის ზოგიერთი ფორმა (მათ შორის MCI) შეიძლება განიხილოს როგორც ნეიროდეგენერაციული მდგომარეობის ადრეული გამოვლინება, რაც საბოლოოდ დემენციას იწვევს (Morris JC et al., 2001).

MCI-ს აქვს სხვადასხვა ქვეტიპი, მათ შორის ამნეზიური და არაამნეზიური ფორმები. ამნეზიური MCI ძირითადად დაკავშირებულია მეხსიერების დარღვევებთან, როდესაც ინდივიდებს ავიწყდებათ ახლახან მომხდარი მოვლენები ან საუბრები. ამისგან განსხვავებით, არაამნეზიური MCI გავლენას ახდენს კოგნიციის სხვა სფეროებზე, როგორიცაა ყურადღება ან ენობრივი უნარები, მნიშვნელოვანი მეხსიერებითი დაქვეითების გარეშე. ბევრი ასევე ამ ორ ერთეულს ერთ-ასპექტიან და მრავალასპექტიან დარღვევად ყოფს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი კოგნიტური ფუნქციაა დაქვეითებული (Winblad et al., 2004; Hughes et al., 2011; Petersen, 2016). MCI-ის პროგნოზი რთულია, რადგან პაციენტთა ერთ ნაწილში (~50%) მდგომარეობა პროგრესირებს და საბოლოოდ დემენციაში გადადის, ხოლო სხვებში შესაძლებელია გაუმჯობესება და ნორმალურ კოგნიტიურ ფუნქციასთან დაბრუნება ან მრავლობითი კონვერტაცია (გადასვლა ნორმალურ მდგომარეობაში და ისევ MCI-ში ან დემენციაში) (Petersen et al., 2014, Lopez OL et al., 2012; Salemme et al., 2025).

მკდ-ს ძირითადი მახასიათებლებია:

  • პაციენტის კოგნიტური მდგომარეობა არც ნორმალურია და არც დემენციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს (DSM-IV, ICD-10)
  • კოგნიტური დაქვეითება წინა დონესთან შედარებით:
    • აღნიშნავს თავად პაციენტი ან ინფორმირებული პირი და იგი მტკიცდება ობიექტური კოგნიტური ტესტების მეშვეობით
    • ან ობიექტური კოგნიტური ტესტების მეშვეობით მტკიცდება კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება დროთა განმავლობაში
  • იმავდროულად ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი აქტივობა შენარჩუნებულია (საკვების მიღება, ჩაცმა და დაბანვა) / კომპლექსური ინსტრუმენტული ფუნქციები (მედიკამენტების მიღება, ფინანსების გაძღვება, პროდუქტების და სხვა ნივთების ყიდვა, ტრანსპორტის გამოყენება და ა.შ.) მინიმალურად დარღვეული

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს ბოლო DSM-5 გადახედვის თანახმად კოგნიტური დარღვევები განიხილება როგორც ერთიანი სივრცე (ნეიროკოგნიტური კონტინუუმი), სადაც წინამორბედ ეტაპს წარმოადგენს მსუბუქი ნეიროკოგნიტური აშლილობა (მსუბუქი კოგნიტური დარღვევის ეკვივალენტი) და შემდგომ ეტაპს – მთავარი ნეიროკოგნიტური აშლილობა (დემენციის ეკვივალენტი). აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ნეიროკოგნიტური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ძირითადად ემთხვევა ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს. დამატებით, DSM-5 ურჩევს კლინიცისტებს, თუ როგორ შეიძლება  ეტიოლოგიის გამოცნობა და სთავაზობს სხვადასხვა მდგომარეობებს, როგორც მსუბუქი ასევე მთავარი ნეიროკოგნიტური აშლილობის გამომწვევ ფაქტორს (ალცჰაიმერი, ფრონტოტემპორალური, ლევი სხეულაკების დემენცია, ვასკულური, ალკოჰოლური და ა.შ.) (APA, 2013).

სიბერის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ კოგნიტური დარღვევების (დემენციის) სპექტრი უფრო ფართოდაც განიხილება: ალცჰაიმერის დაავადების პრეკლინიკური ფაზა, სადაც პიროვნებებს კოგნიტური ჩივილები არა აქვთ, მაგრამ ბიომარკერები მიუთითებენ დემენციის პათოფიზიოლოგიურ პროცესზე¹; მსუბუქი კოგნიტური დარღვევა დემენციის გამო (სიმპტომური პრე-დემენციის ფაზა), სადაც პიროვნება აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს MCI-სთვის და იმავდროულად ვლინდება დემენციის ბიომარკერები და ალცჰაიმერის დემენციის ფაზა, სადაც უკვე დემენციის კლინიკური ნიშნები სახეზეა დადასტურებული დემენციის ბიომარკერებით (Jack CR Jr et al., 2011).

დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს MCI-ს ამოცნობაში. თუმცა არ არსებობს რაიმე ერთი კოგნიტური ტესტი, რომელსაც სარწმუნოდ შეუძლია დაადასტუროს MCI, შედეგებმა შეიძლება გამოავლინოს კოგნიტური დაქვეითება. ეს გახდება საფუძველი შემდგომი შეფასებებისა და გამოკვლევების. კოგნიტური ტესტებიდან ყველაზე სენზიტიური (მგრძნობიარე გამოსავლენად) არის მონრეალის კოგნიტური შეფასების ტესტი (MocCA), რომლის გამოვლენის მაჩვენებელი აღწევს 80-90% (Nasreddine ZS et al., 2005). თუკი აღენიშნება დარღვევა მეხსიერების მხრივ, შესაბამისი ეპიზოდური მეხსიერების ტესტები სასარგებლოა ისეთი MCI-ს მქონე პაციენტების გამოსავლენად, რომელთაც აქვს დემენციის განვითარების მაღალი ალბათობა (Albert MS et al., 2011).

კვლევები აჩვენებს, რომ MCI-ის მქონე ბევრ პაციენტს ასევე აღენიშნება დეპრესია (Ismail et al., 2017). აღნიშნული კომბინაცია ართულებს დიაგნოსტიკას, რადგან დეპრესიამ შეიძლება იმიტაცია მოახდინოს ან გააუარესოს კოგნიტური დარღვევები, რაც ართულებს MCI-ისა და დეპრესიასთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების ერთმანეთისგან განსხვავებას. იმათ შორის, რომელიც უფრო გვეხმარება გამოვავლინოთ დეპრესია პაციენტებში მსუბუქი კოგნიტური დარღვევით, ეფექტური აღმოჩნდა ბეკის და ცუნგის დეპრესიის სკალები, კორნელის დეპრესიის სკალა დემენციის დროს და დემენციის ნეიროფსიქიატრიული კითხვარის დეპრესიის ბლოკი (Wong B et al., 2022).

დიაგნოსტიკის ფარგლებს მიღმა, მზარდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კოგნიტურმა თერაპიულმა ინტერვენციებმა დაეხმაროს MCI-ის მქონე პირებს. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა შეისწავლის კოგნიტური ვარჯიშების ეფექტიანობას, რომლებიც ეხმარება ინდივიდებს გონებრივი სიმახვილის შენარჩუნებაში (Reijnders et al., 2013).  აღნიშნული ინტერვენციები შეიძლება იყოს სასარგებლო როგორც ჯანმრთელი ხანდაზმულებისთვის, ისე MCI-ის მქონე პირებისთვის, რაც მიუთითებს, რომ მარტივი ცხოვრებისეული ცვლილებები — როგორიცაა გონებრივი აქტივობები ან სოციალური ჩართულობა — შეიძლება სიმპტომების შემსუბუქებას უწყობდეს ხელს.

კვება ასევე ხშირად ხვდება MCI-ის განხილვის ფოკუსში. თუმცა შედეგები ერთგვაროვანი არ არის. კვლევების ნაწილი მიუთითებს, რომ ჯანსაღი კვება, განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვის დიეტის დაცვა, შესაძლოა კავშირში იყოს MCI-ის პროგრესირების შენელებასთან და ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირებასთან (Singh et al., 2014;  Kheirouri S & Alizadeh M, 2025). მაგრამ სხვებმა ეს კავშირი ვერ დაადასტურა (Sager R et al., 2024).  აღნიშნული დიეტა მოიცავს სრულფასოვან პროდუქტებს, ჯანმრთელ ცხიმებს, მჭლე ცილებს და დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს, რაც დადებითად მოქმედებს ტვინის ჯანმრთელობაზე.

MCI-ის აღნიშნული ასპექტების გაგება ზრდის ჩვენს ცნობიერებას მისი განვითარების შესაძლო მექანიზმების შესახებ. მისი სირთულე, ქვეტიპების მრავალფეროვნებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან ურთიერთქმედების გამო, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ადრეული დიაგნოსტიკისა და ინტერვენციის აუცილებლობას (Jongsiriyanyong & Limpawattana, 2018). რაც უფრო ადრე მოხდება MCI-ის გამოვლენა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდებს გადადგან ნაბიჯები, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხსა და კოგნიტურ ჯანმრთელობას.

¹ალცჰაიმერის დაავადების პათოფიზიოლოგიური პროცესი გულისხმობს ალცჰაიმერის დაავადების პათოლოგიის არსებობას, კერძოდ, ნეოკორტექსის რომელიმე რეგიონის დაბალი სიმძლავრის მიკროსკოპულ მონაკვეთში β-ამილოიდის შემცველი ნევრიტული ფოლაქების, სულ მცირე, ზომიერი რაოდენობის არსებობას და ბრაკის და ბრაკის (Braak & Braak) IV ან უფრო მაღალი სტადიის შესაბამისი ნეიროფიბრილური გორგლების პათოლოგიის რეგიონული გავრცელების მასშტაბს.

ლიტერატურა:

1. Albert MS, DeKosky ST, Dickson D, Dubois B, Feldman HH, Fox NC, Gamst A, Holtzman DM, Jagust WJ, Petersen RC, Snyder PJ, Carrillo MC, Thies B, Phelps CH. The diagnosis of mild cognitive impairment due to Alzheimer’s disease: recommendations from the National Institute on Aging-Alzheimer’s Association workgroups on diagnostic guidelines for Alzheimer’s disease. Alzheimers Dement. 2011 May;7(3):270-9.
2. American Psychiatric Association. Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders. 5th ed. Washington, DC: American Psychiatric Association; 2013.
3. Hughes TF, Snitz BE, Ganguli M. Should mild cognitive impairment be subtyped? Curr Opin Psychiatry. 2011 May;24(3):237-42.
4. Ismail Z, Elbayoumi H, Fischer CE, Hogan DB, Millikin CP, Schweizer T, Mortby ME, Smith EE, Patten SB, Fiest KM. Prevalence of depression in patients with mild cognitive impairment: a systematic review and meta-analysis. JAMA psychiatry. 2017 Jan;74(1):58-67.
5. Jack CR, Jr, Albert MS, Knopman DS, et al. Introduction to the recommendations from the National Institute on Aging-Alzheimer’s Association workgroups on diagnostic guidelines for Alzheimer’s disease. Alzheimer’s & dementia: the journal of the Alzheimer’s Association 2011; 7(3): 257– 262.
6. Jongsiriyanyong S, Limpawattana P. Mild Cognitive Impairment in Clinical Practice: A Review Article. Am J Alzheimers Dis Other Demen. 2018 Dec;33(8):500-507.
7. Kheirouri S, Alizadeh H. Dietary diversity and cognitive performance in older adults: a systematic review. BMC Neurol. 2025 Apr 5;25(1):144.
8. Lopez OL. Mild cognitive impairment. Continuum: Lifelong Learning in Neurology. 2013 Apr1;19(2):411-24.
9. Lopez OL, Becker JT, Chang YF, Sweet RA, DeKosky ST, Gach MH, Carmichael OT, McDade E, Kuller LH. Incidence of mild cognitive impairment in the Pittsburgh Cardiovascular Health Study-Cognition Study. Neurology. 2012 Oct 9;79(15):1599-606.
10. Manly JJ, Tang MX, Schupf N, Stern Y, Vonsattel JP, Mayeux R. Frequency and course of mild cognitive impairment in a multiethnic community. Ann Neurol. 2008 Apr;63(4):494-506.
11. Morris JC, Storandt M, Miller JP, McKeel DW, Price JL, Rubin EH, Berg L. Mild cognitive impairment represents early-stage Alzheimer disease. Arch Neurol. 2001 Mar;58(3):397-405.
12. Nasreddine ZS, Phillips NA, Bédirian V, Charbonneau S, Whitehead V, Collin I, Cummings JL, Chertkow H. The Montreal Cognitive Assessment, MoCA: A brief screening tool for mild cognitive impairment. J Am Geriatr Soc. 2005; 53(4): 695–699.
13. Petersen RC. Mild cognitive impairment. CONTINUUM: lifelong Learning in Neurology. 2016 Apr 1;22(2, Dementia):404-18.
14. Petersen RC, Caracciolo B, Brayne C, Gauthier S, Jelic V, Fratiglioni L. Mild cognitive impairment: a concept in evolution. Journal of internal medicine. 2014 Mar;275(3):214-28.
15. Roberts R, Knopman DS. Classification and epidemiology of MCI. Clinics in geriatric medicine. 2013 Nov;29(4):10-16.
16. Reijnders J, van Heugten C, van Boxtel M. Cognitive interventions in healthy older adults and people with mild cognitive impairment: a systematic review. Ageing research reviews. 2013 Jan 1;12(1):263-75.
17. Sager R, Gaengler S, Willett WC, Orav EJ, Mattle M, Habermann J, Geiling K, Schimmer RC, Vellas B, Kressig RW, Egli A, Dawson-Hughes B, Bischoff-Ferrari HA. Adherence to the MIND diet and the odds of mild cognitive impairment in generally healthy older adults: The 3-year DO-HEALTH study. J Nutr Health Aging. 2024 Mar;28(3):100034.
18. Salemme S, Lombardo FL, Lacorte E, Sciancalepore F, Remoli G, Bacigalupo I, Piscopo P, Zamboni G, Rossini PM, Cappa SF, Perani D, Spadin P, Tagliavini F, Vanacore N, Ancidoni A. The prognosis of mild cognitive impairment: A systematic review and meta-analysis. Alzheimers Dement (Amst). 2025 Mar 12;17(1):e70074.
19. Singh B, Parsaik AK, Mielke MM, Erwin PJ, Knopman DS, Petersen RC, Roberts RO. Association of mediterranean diet with mild cognitive impairment and Alzheimer’s disease: a systematic review and meta-analysis. Journal of Alzheimer’s disease. 2014 Jan 24;39(2):271-82.
20. Winblad B, Palmer K, Kivipelto M, Jelic V, Fratiglioni L, Wahlund LO, Nordberg A, Bäckman L, Albert M, Almkvist O, Arai H, Basun H, Blennow K, de Leon M, DeCarli C, Erkinjuntti T, Giacobini E, Graff C, Hardy J, Jack C, Jorm A, Ritchie K, van Duijn C, Visser P, Petersen RC. Mild cognitive impairment–beyond controversies, towards a consensus: report of the International Working Group on Mild Cognitive Impairment. J Intern Med. 2004 Sep;256(3):240-6.
21. Wong B, Ismail Z, Goodarzi Z. Detecting depression in persons living with mild cognitive impairment: a systematic review. Int Psychogeriatr. 2022 May;34(5):453-46.
22. Kheirouri S, Alizadeh M. MIND diet and cognitive performance in older adults: a systematic review. Crit Rev Food Sci Nutr. 2022;62(29):8059-8077.